გუბერნატორი (აშშ)
From Wikipedia, the free encyclopedia
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორმოცდაათივე შტატში და აშშ-ის ტერიტორიებში გუბერნატორი არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი. გუბერნატორი პასუხისმგებელია შტატის კანონების აღსრულებაზე და შტატის აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლზე. როგორც შტატის ლიდერი, გუბერნატორი წარადგენს ახალ პროგრამებს და მათი რეალიზაციისთვის იყენებს აღმასრულებელ ბრძანებებს, აღმასრულებელ ბიუჯეტს, საკანონმდებლო ინიციატივებს და ვეტოს. გუბერნატორები ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს სხვადასხვა დეპარტამენტების და სააგენტოების (ხშირ შემთხვევაში, გუბერნატორებს მათი დანიშვნის უფლება აქვთ) მხარდაჭერით და დახმარებით. გუბერნატორთა უმრავლესობას უფლება აქვს „დანიშვნის კომიტეტის“ მიერ შეთავაზებული სიიდან შტატის მოსამართლეებიც დანიშნოს.
ყველა შტატში, გარდა ხუთისა, არსებობს ლეიტენანტ-გუბერნატორის თანამდებობა, რომელიც იკავებს გუბერნატორის პოსტს უკანასკნელის იმპიჩმენტის, სიკვდილის ან გადადგომის შემთხვევაში (მასაჩუსეტსში და დასავლეთ ვირჯინიაში ლეიტენანტ-გუბერნატორი ზემოთ მოცემულ შემთხვევებში მემკვიდრეობით იღებს გუბერნატორის მოვალეობებს და ძალაუფლებას, მაგრამ, არა თანამდებობას) . ლეიტენანტ-გუბერნატორი არაოფიციალურად ასრულებს გუბერნატორის მოვალეობებს, თუ უკანასკნელს ამის გაკეთება არ შეუძლია. გარდა ამისა, ისინი ხშირად არიან თავმჯდომარეები შტატების საკანონდმებლო კრების ზემო პალატაში, მაგრამ, ამ შემთხვევაში, მათ არ აქვთ უფლება მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ დებატებში. გარდა ამისა, მათ არ აქვთ არც ხმის უფლება (გამონაკლისი შეიძლება დაიშვას მაშინ, როდესაც საკანონმდებლო ორგანო „ორადაა“ გაყოფილი და ხმების რაოდენობა თანაბარია.