გარემოს დაბინძურება
From Wikipedia, the free encyclopedia
დაბინძურება — დამაბინძურებელი ნივთიერებების მოხვედრა ფიზიკურ გარემოში, რაც იწვევს მის ხარისხობრივ ცვლილებას, ცვლის ფიზიკურ სისტემებს და ზიანს აყენებს ან დისკომფორტს უქმნის ცოცხალ ორგანიზმებს. ადამიანთა საქმიანობა სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი წყარო საყოფაცხოვრებო ნარჩენებია; თუმცა გაცილებით სერიოზულ ზიანს სამრეწველო საწარმოთა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის, ასევე სატრანსპორტო საშუალებათა ფუნქციონირების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები იწვევს, რომლებიც ჰაერსაც აბინძურებს, წყალსაც და ნიადაგსაც.
გარემოს დაბინძურება ახალი პრობლემა არაა. ექვსასი წლის წინ ლონდონის თავზე ჰაერი ქვანახშირის წვის პროდუქტით — სქელი კვამლით — იყო სავსე. დროთა განმავლობაში მრავალი კანონი გამოიცა, რათა ზოგიერთი სახის დაბინძურება შეწყვეტილიყო. დღეს ბევრი ქვეყნის მთავრობაში საგანგებო უწყებები არსებობს, რომლებსაც გარემოს დაბინძურების შემცირება ავალიათ.