ბოტანიკური ბაღი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბოტანიკური ბაღი — ფართობი, რომელიც წარმოადგენს კარგად მოვლილ მცენარეთა ფართო სპექტრს, სადაც თითოეულ მცენარეს მინიჭებული აქვს ბოტანიკური სახელი. აქ შეიძლება შევხვდეთ ისეთ სპეციალურ მცენარეთა კოლექციებს, როგორიცაა: კაქტუსები და სუკულენტები, ბაღჩები, სპეციალური მცენარეები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და ა.შ. ბოტანიკურ ბაღში, ასევე შეიძლება განთავსებული იყოს სათბურები, ისეთ სპეციალურ მცენარეთა კოლექციებით გაშენებული, როგორიცაა: ტროპიკული, ალპური ან სხვა ეგზოტიკური მცენარეები. ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორთა მომსახურებები შეიძლება მოიცავდეს ტურებს, საგანმანათლებლო ჩვენებებს, გამოფენებს, წიგნის ოთახებს, ღია ცის ქვეშ თეატრალურ და მუსიკალურ წარმოდგენებს და სხვა გართობებს.
ხშირად, ბოტანიკურ ბაღებს ხელმძღვანელობენ უნივერსიტეტები ან სხვა სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც ხშირად, დაკავშირებულნი არიან ჰერბარიუმთან და სამეცნიერო კვლევით პროგრამებთან მცენარეთა სისტემატიკაში ან ბოტანიკური მეცნიერების სხვა ასპექტში. პრინციპში, მათ როლს წარმოადგენს შეინარჩუნონ ცოცხალი მცენარეების დოკუმენტირებული კოლექციები, მათი სამეცნიერო კვლევის, კონსერვაციის, ჩვენების და ზოგადად, განათლების მიზნით, თუმცა ეს დამოკიდებულია იმ რესურსებზე და სპეციალურ ინტერესებზე, რომელსაც ისინი ახორციელებენ ამა თუ იმ კონკრეტულ ბაღში. თანამედროვე ბოტანიკური ბაღების წარმოშობა შეიძლება დავუკავშიროთ ევროპულ შუა საუკუნეების სამკურნალო ბაღებს, რომელიც ცნობილია როგორც სამკურნალო ბაღების სახელწოდებით. პირველი ასეთი ბაღი დაარსდა იტალიური რენესანსის პერიოდში, მე-16 საუკუნეში. ამდაგვარი ადრეული დაინტერესება სამკურნალო მცენარეების მიმართ მე-17 საუკუნეში, ევროპის გარედან ახალი მცენარეების შემოტანის და მათი კვლევის ინტერესით შეიცვალა, როგორც კი ბოტანიკის მიმართულება, თანდათანობით, მედიცინისაგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა. მე-18 საუკუნეში შემუშავებულ იქნა ნომენკლატურისა და კლასიფიკაციის სისტემები იმ ბოტანიკოსების მიერ, რომლებიც მუშაობდნენ ჰერბარიუმზე და ზოგადად იმ უნივერსიტეტებში, რომლებიც ბაღებთან იყვნენ ასოცირებულნი. ეს სისტემები ხშირად, წარმოდგენილნი არიან ბაღებში საგანმანათლებლო მიზნით, იმის საჩვენებლად თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი „ბაღის კალაპოტები“. ევროპული იმპერიალიზმის სწრაფ ზრდასთან ერთად, გვიან მე-18 საუკუნეში ბოტანიკური ბაღები დაარსებულ იქნა ტროპიკებში, სადაც ბოტანიკური ეკონომიკის მიმართულება გახდა მთავარი აქცენტი, რომლის ცენტრიც იყო კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღები, ლონდონის მახლობლად. წლების მანძილზე ბოტანიკური ბაღები, როგორც კულტურული და სამეცნიერო ორგანიზაციები, პასუხობდნენ ბოტანიკისა და მებაღეობის ყველა ინტერესებს. დღესდღეობით, ბოტანიკური ბაღების უმეტესობა წარმოადგენს ზემოთხსენებული თემების ნაზავს და უფრო მეტიც: საზოგადოებასთან მტკიცე კავშირების ქონით, იქმნება შესაძლებლობა, რომ სტუმრებს მიეწოდოთ ინფორმაცია გარემოს დაცვის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც ვეხებით 21 საუკუნის დასაწყისში, განსაკუთრებით ისეთი საკითხები, რომელიც დაკავშირებულია მცენარეთა დაცვასთან და მათ მდგრადობასთან.