ბაზარი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბაზარი — საქონლის არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთა ერთობლიობა. ეკონომიკური თეორია ბაზარს განსაზღვრავს, როგორც საზოგადოებრივი წარმოების ორგანიზაციის ფორმას, რომელიც ფასების მექანიზმის საშუალებით უზრუნველყოფს წარმოებისა და მომსახურების ურთიერთობას.
ტერმინს „ბაზარი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბაზარი (მრავალმნიშვნელოვანი). |
ბაზრის წარმოშობა უშუალოდ დაკავშირებულია ცივილიზაციის დასაწყისში, შრომის საზოგადოების დანაწილების პერიოდში, როდესაც მოხდა:
- მიწათმოქმედების გამოყოფა მეცხოველეობისგან
- ხელოსნობის გამოყოფა მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობისგან
- წარმოების ინდუსტრიალიზაცია.
მოხდა რა დაყოფა მეცხოველეობის, ხელოსნობის და მრეწველობისა(ინდუსტრიის), წარმოიშვა სხვადასხვა პროდუქცია, რის შემდეგაც აუცილებელი გახდა ამ პროდუქციის ურთიერთგაცვლის საჭიროება. სწორედ ასე წარმოიშვა ვაჭრობა და ბაზარი, სადაც ეს პროცესები მიმდინარეობს. კაპიტალიზმის განვითარების ეპოქაში, როდესაც წარმოებამ, მიმოქცევამ და ვაჭრობამ უზარმაზარ მასშტაბებს მიაღწია, მოხდა თანამედროვე გაგებით ბაზრის ჩამოყალიბება.
განვითარებულ საზოგადოებაში ბაზარი-ეს სულაც არ არის კონკრეტული ადგილი. კომუნიკაციისა და ტრანსპორტის თანამედროვე საშუალებათა მეშვეობით გარიგების განხორციელება ხდება მყიდველთან უშუალო კონტაქტის გარეშე. საქონლის რეალიზება და მყიდველამდე მიტანა ტრანსპორტირების მეშვეობითაა შესაძლებელი, ხოლო მყიდველთა შეკვეთების მიღება ხდება ტელეკომუნიკაციებისა და სხვა საინფორმაციო არხების მეშვეობით. ბაზრად მიიჩნევენ ხელშეკრულებასაც, ყიდვა-გაყიდვის შესახებ;საქმიანი ოპერაციების ერთობლიობასაც;მოცემული საქონლის მწარმოებელ ქვეყანასაც (მაგალითად, კანადის მარცვლეულის ბაზარი) და ბოლოს საქონლის, მომსახურეობისა და კაპიტალის მიწოდების და მოთხოვნის ადგილია.
საბაზრო ურთიერთობათა სუბიექტია კერძო საკუთრება. კერძო საკუთრებამ დაუდო სათავე მცირე ბიზნესის განვითარებას, რაც საბაზრო მეურნეობის ამოსავალი წერტილია. აქვე აუცილებელია განვიხილოთ ფასების მექანიზმი. ფასი საბაზრო ურთიერთობათა რგოლია, რადგან უზრუნველყოფს კავშირს მწარმოებლებსა და მომხმარებელს შორის და ამით წონასწორობაში მოჰყავს ბაზარზე საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნა-მიწოდებას.
ბაზარს უნდა ახასიათებდეს 5 ძირითადი ნიშანი: 1) თავისუფალი შესვლა და თავისუფალი გასვლა; 2) ფასების თავისუფალი თამაში; 3) ბაზარზე მატერიალური, ფინანსური და ადამიანთა თავისუფალი გადაადგილება ნაკლებად მომგებიანიდან უფრო მომგებიან სივრცეში; 4) ბაზარმა უნდა უზრუნველყოს პრაქტიკულად თანაბარი შესაძლებლობა; 5) თავისუფალ ბაზარზე გამორიცხულია რაიმე პრივილეგია გამყიდველთა რომელიმე ჯგუფისათვის, მით უფრო, ცალკეული გამყიდველისათვის. ეს მოდელი, იდეალური ბაზრის მოდელია, რომელიც დაფუძვნებულია თავისუფალ კონკურენციაზე, და თითოეული გამყიდველისა და მყიდველის ერთნაირ შესაძლებლობებზე და რომელიც პრაქტიკაში, სინამდვილეში არ არსებობს.
ბაზრის მრავალი სახე არსებობს. ესენია:
- საქონლის ბაზარი
- საფინანსო ბაზარი
- სამუშაო ძალის ბაზარი
- ლოკალური ბაზარი
- რეგიონალური ბაზარი
- საერთაშორისო ბაზარი
- მსოფლიო ბაზარი
ანსხვავებენ ასევე მომწოდებლის ბაზარს და მომხმარებლის ბაზარს.