ბადახოსის მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
ბადახოსის პროვინცია შედის ესტრემადურის ავტონომიურ გაერთიანებაში და შედგება 165 მუნიციპალიტეტისაგან. ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და ყავს მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[1][2]
ბადახოსის მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 11 კომარკაში: ბადახოსი, კამპინია-სური, ლა-სერენა, ლა-სიბერია, ლას-ვეგას-ალტასი, ლიანოს-დე-ოლივენსა, მერიდა, საფრა-რიო-ბოდიონი, სიერა-სუროესტე, ტენტუდია, ტიერა-დე-ბაროსი.
ბადახოსის პროვინციის ფართობია 21 766 კმ² და 2020 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 692 137 მაცხოვრებელს.[3] დედაქალაქია ბადახოსი, რომელიც მოსახლეობისა და ფართობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია (1440,37 კმ²), ხოლო ფართობით ყველაზე პატარაა — ესპარაგოსა-დე-ლა-სერენა (2,02 კმ²)[4].