ასტურიის მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
ესპანეთის ავტონომიური გაერთიანება და პროვინცია ასტურია (ესპ. Asturias, ასტ. Principáu d'Asturies) შედგება 78 მუნიციპალიტეტისაგან. ასტურიამ ავტონომიური გაერთიანების სტატუსი მიიღო 1978 წლის კონსტიტუციის თანახმად.[1] ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[2][3]
ასტურიის მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან რვა კომარკაში: ოვიედო (21 მუნიციპალიტეტი), ეო-ნავია (17), ორიენტე (14), ავილესი (10), ნალონი (5), ნარსეა (5), კაუდალი (3) და ხიხონი (3).
ასტურიის ავტონომიური გაერთიანების ფართობია 10 603,57 კმ² და 2019 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 022 800 მაცხოვრებელს.[4] დედაქალაქია ოვიედო, რომელიც ასევე მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია. ფართობით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია კანგას-დელ-ნარსეა (823,57 კმ²), ხოლო ყველაზე პატარა — ნორენია (5,29 კმ²)[5].