ანტონ ვებერნი
ავსტრიელი კომპოზიტორი და დირიჟორი / From Wikipedia, the free encyclopedia
ანტონ ფრიდრიხ ვილჰელმ ფონ ვებერნი (გერმ. Anton Friedrich Wilhelm von Webern, გერმანულად: [ˈantɔn ˈveːbɐn] ( მოსმენა); დ. 3 დეკემბერი, 1883 — გ. 15 სექტემბერი, 1945) — ავსტრიელი კომპოზიტორი და დირიჟორი. თავის მენტორთან, არნოლდ შონბერგთან და კოლეგასთან, ალბან ბერგთან ერთად წარმოადგენდა ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურას ვენის მეორე სკოლაში, რომელშიც ასევე შედიოდნენ ერნსტ კრენეკი და თეოდორ ადორნო. იყო ატონალობის და თორმეტ-ტონიანი ტექნიკის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი და გავლენა იქონია თავის თანამედროვე კომპოზიტორებზე - ლუიჯი დალაპიკოლაზე, კრენეკზე და თავად შონბერგზეც კი. მის მოსწავლეებს შორის იყვნენ არნოლდ ელსტონი, ფრედერიკ დორიანი (ფრიდრიხ დოიჩი), მატი ნიელი, ფრე ფოკე, კარლ ამადეუს ჰარტმანი, ფილიპ ჰერშკოვიცი, რენე ლეიბოვიცი, ჰამფრი სიერლი, ლეოპოლდ სპინერი და სტეფან ვოლპე.
ანტონ ვებერნი | |
---|---|
ანტონ ვებერნი შჩეცინში, 1912 წლის ოქტომბერი | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ანტონ ფრიდრიხ ვილჰელმ ფონ ვებერნი |
დაბ. თარიღი | 3 დეკემბერი, 1883 |
დაბ. ადგილი | ვენა, ავსტრო-უნგრეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 15 სექტემბერი, 1945 (61 წლის) |
გარდ. ადგილი | ვენა |
დასაფლავებულია | მიტერზილი |
ჟანრ(ებ)ი | მოდერნიზმი |
საქმიანობა | კომპოზიტორი, დირიჟორი |
აქტიური | 1908-1945 |
საიტი | antonwebern.com |
ანტონ ვებერნი ვიკისაწყობში |
ვებერნის მუსიკა ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური იყო მის თანამედროვეთა შორის, როგორც თავისი ლაკონიურობით, ისე თორმეტ-ტონიანი ტექნიკის დაჟინებული და მრავალმხრივი გამოყენებით. მისმა ინოვაციებმა ბგერის, რიტმის, რეგისტრის, ტემბრის, დინამიკის, არტიკულაციის და მელოდიური ნახაზის სქემატურ ორგანიზებაში, მისმა მონდომებამ იმიტაციური კონტრაპუნქტული მეთოდების, მათ შორის, კანონის და ფუგის ხელახალ გააზრებაში და მისმა მიდრეკილებამ ათემატურობის, აბსტრაქტულობის და ლირიკულობისადმი დიდი გავლენა მოახდინა ომისდროინდელი და ომისშემდგომი სერიალისტი და ავანგარდისტი კომპოზიტორების საქმიანობაზე, რომელთა შორისაც აღსანიშნავია ოლივიე მესიანი, პიერ ბულეზი, კარლჰაინც შტოკჰაუზენი, ლუიჯი ნონო, ბრუნო მადერნა, ანრი პუსერი და დიერდ ლიგეტი. ამავე დროს, შეერთებულ შტატებში მისი მუსიკით დაინტერესდნენ ელიოტ კარტერი, რომლის კრიტიკული ინდიფერენტულობის უკან გარკვეული ენთუზიაზმიც იმალებოდა; მილტონ ბებიტი, რომელზეც, საბოლოო ჯამში შონბერგის დოდეკაფონიურმა ტექნიკამ უფრო მოახდინა გავლენა, ვიდრე ვებერნის და იგორ სტრავინსკი, რომელსაც მისი მუსიკა რობერტ კრაფტმა გააცნო.
ვებერნის საფუძვლიანი შესწავლა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მოხერხდა კეთრინ ბეილის, ჯულიან ჯონსონის, ფელიქს მაიერის, ენ შრეფლერის ნაშრომებიდან, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც მოლდენაჰაუერის და სხვათა არქივებს ვებერნის ოჯახის კუთვნილ ან მათთან დაკავშირებულ ჩანახატებზე, წერილებზე, ლექციებზე, აუდიო და ვიდეო-ჩანაწერებზე წვდომის საშუალება მიეცათ.