ავღანეთის ეკონომიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ავღანეთის ეკონომიკა მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით) 103-ე ადგილზეა მსოფლიოში. ავღანეთის მოსახლეობა 40 მილიონს აჭარბებს და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მუპ) 70 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 2 000 აშშ $-ს უდრის.[1][2] 2022 წლისთვის ქვეყნის საგარეო ვალი 1.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.[3][4] ავღანეთის ეკონომიკა ბოლო 2 ათწლეულში სტაბილურად იზრდებოდა, რაც მეტწილად მილიონობით ექსპატრიატის შემოდინებით, ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარებით, მეზობელ და რეგიონულ სახელმწიფოებთან სავაჭრო მარშრუტების გაუმჯობესებითა და ქვეყნის სოფლის-მეურნეობისა და სამთო-მოპოვებითი საქმიანობების გაფართოებით იყო გამოწვეული.[5]
ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ავღანეთში შესვლის შემდეგ პოლიტიკური სანდოობის გაზრდამ ავღანური დიასპორისგან და საერთაშორისო საზოგადოებიდან ქვეყანაში მილიარდობით დოლარის შემოდინებას შეუწყო ხელი.[6] ამჟამად ავღანეთში დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის ღირებულის საქონლის იმპორტი ხდება, ხოლო ექსპორტი 1 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება,[7][8][9] ძირითადად ხილისა და კაკლის წყალობით.[10]
მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთი ტრილიონ დოლარზე მეტი ღირებულების აუთვისებელ მინერალურ დეპოზიტებს ფობს, ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განვითარებული სახელმწიფოა. უმუშევრობის დონე 23%-ს აღემატება,[1] ხოლო მოსახეობის ნახევარი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.[1][11] ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი ავღანეთში მიმდინარე ომებია, რაც არა მხოლოდ აფერხებს უცხოურ ინვესტიციებს, არამედ მოსახლეობის ჯანმრთელობაზეც ახდენს გავლენას.[12] ავღანეთი დიდი ხანია ცდილობს უცხოური ინვესტიციების მოძიებას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.[13] ავღანეთის ეკონომიკის გაუარესებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ აშშ-ში ავღანეთის 9.5 მილიარდი აშშ$-ის ღირებულების აქტივები გაყინა.[14][15][16]
ქვეყნის ეროვნული ვალუტა ავღანური ავღანია. ცენტრალური ბანკი და ავღანეთის ბანკია. ქვეყანაში რამდენიმე ადგილობრივი ბანკი ფუნქციონირებს, მათ შორის: ავღანეთის საერთაშორისო ბანკი, Azizi Bank, ახალი ქაბულის ბანკი და პაშტანის ბანკი. უცხოური ვალუტის გამოყენება ოფიციალურადაა აკრძალული..[17][18][19] მთავრობის მიერ აკრძალულია კრიპტოვალუტის გამოყენებაც.[20]